აშშ-ს მოქმედი პრეზიდენტი, დონალდ ტრანპი ანგარიშის 12-საათიანი გაუქმების შემდეგ Twitter-ზე ვიდეომიმართვით დაბრუნდა, სადაც ამბობს, რომ ძალაუფლებას "თანმიმდევრულად" გადააბარებს.
"კონგრესმა ახალი ადმინისტრაციის შედეგები დამტკიცა და ინაუგურაცია 20 იანვარს გაიმართება. ახლა ჩემი ყურადღება მიმართულია ძალაუფლების თანმიმდევრული და შეუფერხებელი გადაცემისკენ. ეს მომენტი მოითხოვს ურთიერთობის აღდგენასა და შერიგებას", - ამბობს ტრამპი.
ვიდეომიმართვაში, რომელიც თეთრმა სახლმა გაავრცელა, პრეზიდენტმა დაგმო ოთხშაბათს კაპიტოლიუმის შენობაში მომხდარი ძალადობა და თქვა, რომ დემონსტრანტებმა შეურაცხყვეს ამერიკის დემოკრატიის ადგილი და მათ პასუხი უნდა აგონ. ერთი დღით ადრე ტრამპი მათ ეუბნებოდა: "ჩვენ თქვენ გვიყვარხარ, განსაკუთრებულები ხართ". მან, ასევე მოუწოდა მომიტინგეებს, სახლში წასულიყვნენ, მას შემდეგ, რაც კაპიტოლიუმში შეიჭრნენ.
— Donald J. Trump (@realDonaldTrump) January 8, 2021
კაპიტოლიუმის შენობაში ტრამპის მხარდამჭერების შეჭრას 4 ადამიანის სიკვდილი მოყვა, დაშავდა რამდენიმე სამართალდამცავი. მიუხედავად იმისა, რომ დემონსტრანტებმა ორპალატიანი სხდომის ჩაშლა სცადეს ამერიკის კონგრესმა შენობის მომიტინგეებისგან გათავისუფლების და სხდომის გაგრძელების შემდეგ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები ოფიციალურად მაინც დაამოწმა.
მიუხედავად იმისა, რომ ტრამპი და რესპუბლიკელების ნაწილი სამი თვეა აშშ-ის არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ, დემოკრატი კანდიდატის ჯო ბაიდენის ინაუგურაცია 20 იანვარს შედგება, თეთრი სახლის ადმინისტრაციას კი ტრანზიციის პროცესი უკვე დაწყებული აქვს.